მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ალეკო ელისაშვილი: ნუ გამოიყვანთ იმას, რომ პარლამენტში შესვლა ქვეყნის დაქცევაა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მტივნეული გადაწყვეტილებებისა და გამოწვევებისთვის მზადაა და ასევე მზადაა პარლამენტში შესასვლელად.

ელისაშვილმა დღეს “მოქალაქეების” გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა:

“რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.

მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ – საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს,” – თქვა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ მოლპარაკებებიდან ისეთი საარჩევნო სისტემით გამოვა, “რითიც ქვეყანა ამოისუნთქებს”:

“ამით თუ გამოვალ, შევალ პარლამენტში და ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმისთვის რომ პარლამენტში შევსულიყავით და შეგვესრულებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით“, – თქვა მან.

ელისაშვილის თქმითვე, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ფული არ აუღია და “ასეთი რამის შეთავაზებას ვერც ვერავინ გაუბედავს”.

“რა თქმა უნდა არანაირი ფული არ ამიღია. ვინ გამიბედავს? ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქიდან. არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ კარგად იცის და ამიტომაც ამაზე არავინ არც დამელაპარაკება”, – თქვა ელისაშვილმა.

8 დეკემბერს, ხელისუფლებასთან შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტში არ შედის.

ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა.

ნახეთ ელისაშვილის ვიდეომიმართვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button