იქნება თუ არა პარლამენტი ერთპარტიული დღეს გაირკვევა

ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციას ვინც არ უნდა გამოაკლდეს ბოიკოტი გაგრძელდება. ის დარწმუნებულია, რომ 11 დეკემბერს “ქართული ოცნება” პირველ სხდომაზე მარტო იქნება.
“მე არ მინდა აღმოჩნდეს, ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც შევა ქართული ოცნების რიგებში, არ მინდა, დიდი სურვილი მაქვს, ყველაფერს ვაკეთებდი მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად და ვაკეთებ, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ის არ იქნება უბრალოდ ოპოზიციონერი, ქართული ოცნების სრულფასოვან წევრადაც არ ივარგებს”, – თქვა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახი კალაძე კი ოპოზიციას კვლავ დესტრუქციულ ძალად მოიხსენებს
“მგონია, რომ ყველამ უნდა იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღეებიდან არის მიზანმიმართული დესტრუქცია, კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდელობა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ და ვერ შედეგს. ერთ მხარეს დგას სინათლე, განვითარება, ქვეყანაზე ზრუნვა, ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი, მეორე მხარეს დგას ბოროტება, სიბნელე და დესტრუქცია”, – თქვა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 1 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. პარტია მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმების და მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება.