Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ

83

6 იანვარს წარმომადგენელთა პალატას და სენატს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინა, რა დროსაც კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ისინი კონგრესის ორივე პალატის სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.

კაპიტოლიუმის შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ კაბინეტებში ჩაიკეტნენ. დემონსტრანტები კი კაპიტოლიუმის დარბაზში შეცვივდნენ, CNN-ის ცნობით, შტურმის შედეგად ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.

ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

თავად ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და პოლიციის მიმართ მორჩილებისკენ Twitter-ზე მოუწოდა:

“ვიცი, რომ წუხართ, ვიცი რომ გატკინეს. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით მეორე მხარემ. თუმცა ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, ჩვენ სამართალი და წესრიგი გვჭირდება. აუცილებელია, რომ სამართალდამცველებს პატივი ვცეთ. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს.
ძალიან რთული დრო გვიდგას, არასოდეს მდგარა მსგავსი დრო, როდესაც მსგავსი რამ წაგვართვეს ჩვენ, თქვენ, ქვეყანას. ეს იყო თაღლითური არჩევნები, თუმცა ჩვენ ამ ადამიანების თამაშის წესებით ვერ ვითამაშებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ასე რომ, წადით სახლში” – მოუწოდა დონალდ ტრამპმა ამერიკის კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს.

CNN-ის ცნობით, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმის შენობაში და რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის ოფისში ორი ხელნაკეთი ბომბი იპოვეს და გაანეიტრალეს.

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლის ცნობით, მოწყობილობები აფეთქების რეალურ საფრთხეს შეიცავდა.
CNN-ის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას გამოეხმაურა:

“ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. არაფერი მსგავსი უკანასკნელ წლებში არ გვინახავს. თავდასხმა განხორციელდა თავისუფლების ციდატელზე, თავად კაპიტოლიუმზე. თავდასხმა განხორციელდა ხალხის წარმომადგენლების და კაპიტოლიუმის პოლიციის წინააღმდეგ, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ მათ დაიცავდნენ. თავდასხმა განხორციელდა იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც რესპუბლიკის ცენტრში მუშაობენ.
მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, კაპიტოლიუმის შენობაში ამტყდარი ქაოსი არ გამოხატავს ნამდვილ ამერიკას. ეს არ წარმოგვაჩენს ჩვენ ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების მცირე ჯგუფს, რომლებიც უკანონობას ერთგულებენ. ეს არ არის ღირსეული ქცევა. ეს არის უწესრიგობა. ეს არის ქაოსი და ძალიან ახლოს დგას აჯანყებისკენ მოწოდებასთან. ეს ყოველივე დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.” – განაცხადა ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში, 6 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი