Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა

156

თელავში 13 იანვრიდან, მომხმარებელი “რეგულარისა” და ” პრემიუმის” ხარისხის საწვავზე, 5- დან 7 თეთრით მომატებულ ფასს გადაიხდის.

ბენზინგასამართ სადგურებზე, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ საწვავზე ფასის ზრდა მომწოდებლის მიერ საფასურის გაძვირებამ გამოიწვია.

“საიდანაც საწვავს გვაწვდიან, იქ უკვე მომატებულია და ჩვენ შეძენა ძვირად მოგვიხდა. მანამდე ცოტა მარაგი გვქონდა და ფასი არ გაგვიზრდია. ახლა უკვე მეტი გზა არ იყო”- განაცხადა ერთ- ერთი სადგურის მეპატრონემ.

საწვავზე ფასის ზრდამ მძღოლების, განსაკუთრებით ტაქსების მფლობელების უკმაყოფილება გამოიწვია.

“ჩვენ ძირითადად, რეგულარის ტიპის საწვავს მოვიხმართ და ზოგან უკვე 7 თეთრით არის მომატებული. უკვე 1. 90 თეთრი გახადეს. ეს ხარჯს გვიზრდის და არ ვიცით, საიდან ავანაზღაუროთ. მომსახურების ფასი რომ გავზარდოთ, ისედაც მგზავრი არ არის, ვინღა ჩაგვიჯდება?”- განაცხადა ტაქსის მფლობელმა, ზაურ თავღორაშვილმა.

თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი, ნიკა შერვაშიძე არაბრენდირებულ საწვავზე ფასის ზრდას არაკეთილსინდისიერ საბაზრო პილიტიკად აფასებს.

“საქართველოში არაბრენდირებული საწვავი ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდის და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები ნაკლებად მოქმედებს. თუმცა, მომწოდებლები კარგად იყენებენ საერთაშორისო ბაზრების ტენდენციებს და თითქმის დაუყოვნებლივ ზრდიან ფასებს. რაც ასე ნამდვილად არ უნდა იყოს. მათ დაახლოებით 2-3 კვირიანი რეზერვები ყოველთვის აქვთ. მაგრამ ფასები დაუყოვნებლივ იზრდება. ეს კი მიუთითებს არაკეთილსინდისიერ საბაზრო პოლიტიკაზე” – აცხადებს შერვაშიძე.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავის ფასი, ჯერჯერობით უცვლელია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი