მსოფლიო

აშშ-ში 67 წლის განმავლობაში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 67 წლის განმავლობაში ქალი სიკვდილით პირველად დასაჯა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლიზა მონტგომერის სასიკდვილო ინიექცია ინდიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში გაუკეთეს. საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან მონტგომერის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ბავშვობაში კი ძალადობის მსხვერპლი იყო. სიკვდილით დასჯა ორჯერ გადადეს – პირველად კორონავირუსის პანდემიის გამო, შემდეგ კი მოსამართლემ, თუმცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაჩენის განხორციელების ნებართვა გასცა.

52 წლის მონტგომერი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. 2004 წელს მან ორსული ქალი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა და ჩვილი გაიტაცა. მისი მსხვერპლი, 23 წლის ბობი ჯო სტინეტი სისხლისგან დაიცალა.
სტინეტის ოჯახი მიიჩნევდა, რომ მონტგომერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, განაჩენის აღსრულება სამართლიანი იქნებოდა.

უკანასკნელი ქალი, ვინც აშშ-ს მთავრობამ სიკვდილით დასაჯა, ბონი ჰედი იყო. იგი 1953 წელს გაზის კამერის საშუალებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button