მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მულტისისტემური ანთების სინდრომიანი ბავშვების რიცხვი კახეთში შესაძლოა გაიზარდოს

კორონა ვირუსის ახლად აღმოჩენილი გართულებით, მულტისისტემური ანთების სინდრომით კახეთიდან ერთი არასრულწლოვანი მკურნალობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით მოზარდი, რომელსაც მუტისისტემური ანთების სინდრომი განუვითარდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ის, თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული და მისმა ოჯახმა, დეფიციტურ პრეპარატ იმუნოგლობულინში, 5 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში კოვიდადასტურებულ და შემდგომი გართულებით დაავადებულ ბავშვებს არ მკურნალობენ.

“კორონა ვირუსის შემდგომი გართულებით, კახეთში კოვიდდადასტურებული ბავშვების სამკურნალო დაწესებულება არ არის და ამიტომ ყველა ბავშვი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს გადაჰყავთ თბილისის შესაბამის დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დიაგნოზიც იქ ისმება. რაც შეეხება პრეპარატს, მართლაც ძვირადღირებულია და როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა მის შესაძენად- განაცხადა ხიზანიშვილმა.

თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, თამილა თეიმურაზიშვილი რეგიონში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით დაავადებული ბავშვების რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს.

“ჩვენთან ასეთი სიმპტომებით ჯერ არცერთი ბავშვი არ შემოსულა, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ დაავადების შემთხვევების ზრდას, რადგან ინფიცირებულთა შორის ბევრი ბავშვია. რეგიონში ამის მკურნალობის შესაძლებლობა არ არის, პაციენტი მაშინვე თბილისში უნდა გაიგზავნოს. ძალიან ყურადღებით ვართ, რომ რამე არ გაგვეპაროს”- განაცხადა თეიმურაზიშვილმა.

სპეციალისტების განმარტებით, ბავშვებში მულტისისტემური ანთების სინდრომი, კოვიდ- 19- ის გადატანიდან, 4- 6 კვირაში ვლინდება.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, კორონა ვირუსის 10 239 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებულთაგან 18% არასრულწლოვანია

მსგავსი პოსტები

Back to top button