Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს

142

1 თებერვლიდან, კახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრობას შეძლებენ.

” ერთ მუნიციპალიტეტში მგზავრობა შესაძლებელი იქნება. სოფლებიდან რაიონულ ცენტრში და უკან, მოქალაქეები, რეგულაციების დაცვით გადაადგილებას შეძლებენ.თუმცა, საქალაქთშორისო ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება და მაგალითად, თელავიდან ახმეტაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ჯერ არ დაიშვება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და ნელ- ნელა მოხდება შემსუბუქება. ასეთი გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღეთ, რომ სკოლებს არ შეეშალოთ ხელი” -განმარტა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეწყვეტილია, როგორც მუნიციპალიტეტის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კორონა ვირუსის გამო გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ- მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება, 2020 წლის სექტემბერში, ჯერ აჭარის, ნოემბერში კი საქართველოს 8 ქალაქის მასშტაბით მიიღო.

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ტრანსპორტის აღდგენისა და სხვა შეზღუდვების მოთხოვნით, პერმანენტული აქციები ტარდება

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი