კახეთში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა იკლო
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/kaxeti-epidemiologiuri-centri.jpg)
24 საათში, კახეთში კორონავირუსის მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის , ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმების მიზანი დადებითობის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებაა.
“მთავარია, ეს მავენებელი შენარჩუნდეს. ამისთვის რეგულაციების ზუსტად და მკაცრად დაცვა გვჭირდება. სკოლებში სწავლის დაწყებასთან ერთად მობილობა გაიზარდა, ამიტომ ახალი გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის განახლებიდან ერთ კვირაში, ეპიდემილოგიური ვითარება შეფასდება და იმედი მაქვს, მაჩვენებელი არ გაიზრდება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთში უკვე კორონა ვირუსის 10 806 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
სექტემბრიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი, 2422 შემთხვევა თელავში გამოვლინდა, გურჯაანში- 2383, დედოფლისწყაროში -762, ლაგოდეხში – 1504, საგარეჯო -1330, სიღნაღში-782, ყვარელში -911 და ახმეტაში- 712 ინფიცირებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობას გადის 693 მოქალაქე, მათ შორის 586 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 კოვიდ – სასტუმროში, 105 კი კოვიდ – კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაშია 651 პირი, ხოლო თვითიზოლაციიდან მოიხსნა 29 მოქალაქე.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კახეთში 10 009 – მდე გაიზარდა, ხოლო კოვიდ- 19- ით გარდაცვლილთა რიცხვმა 104- ს მიაღწია.