მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აგრობარათების პროგრამა აღარ იმუშავებს

ფერმერებისა და გლეხებისათვის აგრობარათების პროგრამა აღარ იმუშავებს. დაინტერესებული პირები მხოლოდ აგროდიზელის პროგრამით ისარგებლებენ.
აგრობარათების საშუალებით სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართულ მოსახლეობას, სპეციალიზებული მაღაზიიდან ტექნიკითა და შხამ- ქიმიკატებით სარგებლობაც შეეძლო, აგროდიზელის პროგრამა კი, მხოლოდ საწვავით დახმარებას ითვალისწინებს.

გლეხების ერთი ნაწილი თვლის, რომ აგროდიზელის პროგრამა და აგრობარათით გათვალისწინებული დახმარება, მთავრობას უნდა გაეგრძელებინა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სანდრო ასაბაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ აგროდიზელის პროგრამით გათვალისწინებული საწვავის აღებას, ზოგიერთ შემთხვევაში, აზრიც არ აქვს.

” ახლა სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები იწყება. გაძვირებული ცხოვრების პირობებში, გლეხისათვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია. რატომ გააუქმეს აგრობარათები, ყოფილიყო ორივე დახმარება ერთად. საწვავიც ისეთ ფასში გაიცემა, ზოგიერთ სადგურზე იგივე ფასი აქვს და რაღა წასასვლელად ვიწვალო? ვისაც მცირე ფართობი აქვს, ეს ფაქტიურად შეღავათიც არ არის.თუ მიწა არ დამუშავდა, ხალხი შიმშილით დაიხოცება”- განაცხადა ასაბაშვილმა.

აგროდიზელის პროგრამით გათვალისწინებული საწვავი უკვე აიღო, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, დათო წიგნაძემ.

” დიდი არაფერია, მაგრამ რაღაცას შემეშველება. ერთჯერად ოპერაციებს მაინც ჩავატარებ. ვარდისუბანში გადავედი ამის ასაღებად. კარგი იქნება მეტი იყოს, რადგან მიწა თუ არ დამუშავდება, კიდევ მეტი შიმშილი გ ელოდება”- განაცხადა წიგნაძემ, რადიო ჰერეთთან.

სოფლის მეურნეობის განვითარების კახეთის რეგიონულ სამმართველოში რადიო ჰერეთს დაუდასტურეს, რომ 2021 წელს, გლეხები და ფერმერები, მხოლოდ აგროდიზელის პროგრამით ისარგებლებენ.

“გასულ წელს ორივე პროგრამა მუშაობდა. წელს მხოლოდ საწვავი გაიცემა, ერთ ჰექტარზე, 200 ლარის ღირებულების შესაბამისად. ეს საბაზრო ფასთან შედარებით 16- 18 თეთრით ნაკლებია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სოკარია და საწვავის მიღება ყველას იქ შეუძლია. ტექნიკურადაც გაადვილდა და აქ მოსვლის ნაცვლად შეუძლიათ რეგისტრაცია ონლაინ გაიარონ. არის ასეთი შემთხვევებიც, როცა გლეხს მცირე ფართობი აქვს და საწვავის ასაღებად, შორს წასვლა აღარ უღირს. მაგრამ ვისაც ფართობი მეტი აქვს, მისთვია უკვე ფასთა სხვაობა მნიშვნელოვანია”- განაცხადა რეგიონული სამმართველოს წამყვანმა სპეციალისტმა, ნოშრევან იარაჯულმა.

კახეთის რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, აგრო დიზელის პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი რეგიონში, მაინც დიდია და ის, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დაახლოებით , 85%- ს შეადგენს.

აგროდიზელის პროგრამით სარგებლობა, გლეხებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button