მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსი კახეთის კიდევ 2 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა

კორონა ვირუსის შემთხვევების გამო, კახეთში კიდევ ორი საჯარო სკოლა დაიკეტა. ონლაინ სწავლების რეჟიმზე ახმეტის პირველი და გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლებია გადაყვანილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ნადიბაიძის განმარტებით, ვირუსი პედაგოგს დაუფიქსირდა.

” სხვა გამოსავალი არ იყო სკოლის დაკეტვის გარდა, რადგან პედაგოგს რვა კლასთან ჰქონდა შეხება. დანარჩენ სკოლებში, ონლაინ სწავლებაზე, ორ- ორი კლასია გადაყვანილი” – განაცხადა ნადიბაიძემ.

სამი სოფლის სკოლების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკეტა ქალაქ გურჯაანშიც.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, დისტანციურ რეჟიმზე მოსწავლეები 1 მარტამდე დარჩებიან.

” სკოლაში დაფიქსირდა კორონა ვირუსის შემთხვევები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მთლიანი სკოლა გადავა დისტანციურ რეჟიმზე. ახლა ვამზადებთ სამინისტროში წარსადგენ დოკუმენტაციას, რაც ასეთი შემთხვევისათვის არის აუცილებელი” – განაცხადა მინდიაშვილმა.

სასწავლო პროცესის განახლებიდან დღემდე, კახეთში, უკვე რამდენიმე სკოლა და კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადაყვანილი. სკოლები დაკეტილია თელავის მუნიციპალიტეტშიც.

სულ რამდენი მოსწავლეა ინფიცირებული, რეგიონის მასშტაბით, 1 თებერვლიდან დღემდე, რადიო ჰერეთმა ამ კითხვით დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებას მიმართა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია.

მსგავსი პოსტები

Back to top button