სასამართლო დღეს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე იმსჯელებს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს პროკურატურამ 16 თებერვალს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
შეგახსენებთ, ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.
მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნიკა მელიას სახელით სხვა პირს, შეუძლია შეიტანოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.
ნიკა მელია გირაოს გადახდაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.