მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით,სენაკის საკრებულოს წევრის, დათო ადამიას კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შპს “დაგიმ” ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 6,779,143 ლარი შეადგინა.

“დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს “დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია. “დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა”, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს “დაგი”, რომლის 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან.

“შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3,301,213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2,635,441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს “დაგიმ” 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში (კონტრაქტების ჯამური ღირებულება – 1,570,154 ლარი). 22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია. შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, მათი ჯამური ღირებულება კი 1,065,287 ლარია”, – განმარტავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შპს “დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა აღნიშნული კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button