Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს მოქალაქე რუსეთს დადგენილ ვადაზე ადრე გადასცეს

115

წითელი ცირკულარით ძებნილი ბორის წიკლაური, იტალიის ხელისუფლებამ, რუსეთის ფედერაციას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაზე ადრე გადასცა. ინფორმაცია რადიო ჰერეთს, წიკლაურის ნათესავებმა დაუდასტურეს.

” სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ეს ამბავი შევიტყვეთ რუსული საინფორმაციო საშუალებებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 მარტს უნდა შემდგარიყო გადაცემა. საელჩო არაფრის აზრზე არ არის, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა თავისი მოქალაქის დასაცავად. ერთი თვეა, ციხეში შიმშილობს, არც არავის მოუკითხავს. ადვოკატთან კონტაქტიც კი შეზღუდული გვაქვს. ფაქტიურად გაწირეს უდანაშაულო ადამიანი”- განაცხადა ოჯახის ახლობელმა, ნათია მექუდიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები, ბორის წიკლაურის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესახებ, ბოლონიის სასამართლომ 2020 წლის სექტემბერში მიიღო.

ბორის წიკლაურს რუსეთის ფედერაცია 1999 წელს ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება, რომლისთვისაც მან სასჯელის ნაწილი მოიხადა და შემდეგ რუსეთის ფედერალური კრების ამნისტიის აქტით, პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა.

წიკლაური 2019 წელს, იტალიაში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს. საზღვრის გადაკვეთის დროს, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ რუსეთის ფედერაცია მას წითელი ცირკულარით ეძებდა.

რადიო ” ჰერეთი” ბორის წიკლაურის იტალიაში დაპატიმრებისა და მოსალოდნელი ექსტრადირების შესახებ ექსკლუზიურად, 2020 წლის სექტემბერში წერდა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი