Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ღარიბაშვილის გაპრემიერება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის?- რა წერია თინა ხიდაშელის მიმართვაში

62

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ეხმიანება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი შესაძლოა პრობლემური გახდეს.

„ცნობილია, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერსებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს: განმარტოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ, საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით? მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე, განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში.“- წერია ორგანიზაციის მიერ დღეს,19 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს მუშაობდა.ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თებერვალს განმეორებით დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი