მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში მარტოხელა დედამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდის სოციალური მომსახურების შენობასთან მარტოხელა დედა დილიდან აქციას მართავს. პროტესტის ნიშნად მან შიმშილობა დაიწყო.

აფზახეთიდან დევნილი,ორი შვილის დედა ანი ხოფერია, უყურადღებობაზე ჩივის. ის ნაქირავები მანქანით ზუგდიდში ტაქსის მძღოლად მუშაობდა,წლებია საკუთარი ბინის რიგს ელოდება. მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს,რომ მას დაბალი ქულები აქვს, აკმაყოფილებს კრიტერიუმს და მისთვის ბინის გადაცემის შეფერხება მხოლოდ პროცედურულ საკითხთანაა დაკავშირებული.

32 წლის მარტოხელა ქალს,დევნილობის გარდა სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს. ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მარტოხელა დედას უახლოეს დღეებში დაეხმარებიან.

“იგი აუცილებლად დაკმაყოფილდება ბინით, მანამდე კი დროებითი საცხოვრებელის პოვნასა და ქირის გადახდაში მას სახელმწიფო დაეხმარება. გარეთ ცივა და ვურჩევთ ახალგაზრდა ქალს ნუ დადგება სიცივეში,ისევ მისი და მისი შვილების საკეთილდღეოდ,მაქსიმუმ ორშაბათამდე მოვუგვარებთ დროებითი საცხოვრებლის პრობლემას”,-ამბობს ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი გელა ნაჭყებია.

სოციალური სააგენტოს შენობასთან ახალგაზრდა ორი შვილის დედა ამ დრომდე რჩება. ის ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობის აქციას გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button