Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

159

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ, მკვლელობაში დამნაშავედ, ნოდარ გამყრელიძე სცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამყრელიძის ადვოკატის, გიორგი ქართლელიშვილის განმარტებით, სასამართლოს მხარეებისათვის დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაუბარებია.

” პროცესზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. ვთვლი, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებს, საქმეში არ არის. დევს საქმეში ავტომატი და იქ ამოსული დნმ კვალი, ასევე შემთხვევის ადგილზე ამოღებული ავტომატის გილზები. გარდა ამისა, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნოდარ გამყრელიძე, ნაწილობრივ შეურაცხადია. საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაუსაბუთონ დედის მკვლელობა, რადგან ამ მიმართულებით, არანაირი მტკიცებულება არ არის. გასაჩივრებას ვგეგმავთ, ამიტომაც, ველოდები დასაბუთებულ განაჩენს. რთული საქმეა, ალბათ საუკუნეში ერთი, სადაც ამდენი გარდაცვლილია”- განაცხადა ქართლელიშვილმა.

ხუთი ადამიანის მკვლელობა, სოფელ ყანდაურაში, 2019 წლის 3 მაისს მოხდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტს, პირველ ეტაპზე, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ედავებოდა. ასაკოვან მამაკაცს, საკუთარი შვილისა და რძლის, ასევე ორი ნათესავის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

შემთხვევის შედეგად, მძიმედ იყო დაჭრილი ომარ გამყრელიძის მეუღლეც, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. მოგვიანებით, გამოძიებამ ბრალი ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, გამყრელიძის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს წაუყენა. ომარ გამყრელიძეს კი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საკუთარი ვაჟისათვის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ კი დედის მკვლელობაში, დახმარება ედებოდა ბრალად.

დაკავებული იყო, გამყრელიძის შვილიშვილი, 22 წლის ომარ გამყრელიძეც, რომლის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შძენა- შენახვას გულისხმობს.
თავად მკვლელობისათვის ბრალდებულ, ნოდარ გამყრელიძეს სამართალდამცავები, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ.

ძებნილ ბრალდებულს, 2020 წლის 25 აპრილს, პოლიციამ საკუთარ სოფელში მიაკვლია.
ნოდარ გამყრელიძემ, გამოძიების არცერთ ეტაპსა და სასამართლო სხდომებზე, სიახლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მისთვის წაყენებული ბრალი არ აღიარა.

გამყრელიძეების საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლომ 85 წლის ომარ გამყრელიძესა და მის 22 წლის შვილიშვილს, საპატიმრო ღონისძიება 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ნოდარ გამყრელიძე უკვე სასჯელს იხდის. მისი ადვოკატი კი, დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის მომზადებას გეგმავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი