კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად ბრალდებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე გარდაიცვალა. ხანდაზმული გამყრელიძის გარდაცვალების მომენტისათვის, რეალური მკვლელის მიმართ სასამართლო განაჩენი, გამოტანილი არ იყო.

ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ, გარდაცვლილის ვაჟი, ნოდარ გამყრელიძე დამნაშავედ სულ ცოტა ხნის სცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავად ომარ გამყრელიძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

85 წლის გარდაცვლილს, ბრალდების მხარე მკვლელობაში დახმარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, ომარ გამყრელიძე, საკუთარ შვილს, დედის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დაეხმარა და მას გეკოს ტიპის იარაღი გადასცა.

გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არცერთ ეტაპზე არ იყო.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რომ ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ეს მაშინვე იცოდა ყველამ. კაცი სხვისი დახმარების გარეშე ვერ დადიოდა და როგორი წარმოსადგენი იყო, მისი მხრიდან, ხუთი ადამიანის მკვლელობა, ორი იარაღის გამოყენებით. ერთხელ რაკი გააჟღერეს, უკან აღარ იხევდნენ და ავადმყოფი მოხუცი ციხეში გააგზავნეს. სამწუხაროდ, ის სიმართლის დადგენას ვერ მოესწრო, მოწმეების მოყვანა პროკურატურამ ისე გააჭიანურა, რომ საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა. ვაპირებ, ომარ გამყრელიძის მიმართ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დავაყენო”- განაცხადა ენდელაძემ.

გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, გამოიკვეთა, რომ გეკოს ტიპის იარაღზე, ომარ გამყრელიძის კვალი აღმოჩენილი არ იყო. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ისიც, რომელი იარაღიდან იყო დაჭრილი, ბრალდებულის მეუღლე, ელზა გამყრელიძე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. რაც შეეხება, ოთხ გარდაცვლილს, ოთხივე მათგანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, ხოლო ავტომატი, რომლითაც სავარაუდოდ ადამიანები დახოცეს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი არ ყოფილა.

პროცესებზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, ომარ გამყრელიძე, პატიმრობიდან, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. ხანდაზმული ბრალდებულის შემდეგ, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, მის შვილიშვილს, 22 წლის ომარ გამყრელიძესაც.

ახალგაზრდა მამაკაცს, ბრალი სიახლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისთვის ჰქონდა წაყენებული. ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, უფროსი და უმცროსი გამყრელიძეების საქმეს, სასამართლო გაერთიანებულად იხილავდა. ამიტომ, გარდაცვლილი ომარ გამყრელიძის საქმის დასრულებასთან ერთად, სასამართლომ უმცროსი გამყრელიძის ბრალეულობის საკითხიც უნდა დაადგინოს.

გამყრელიძეების ოჯახში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის შესახებ, ბრალდების მხარე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

რადიო ჰერეთისთვის ცნობილია, რომ ხანდაზმული ბრალდებულის გარდაცვალების გამო, საქმის შეწყვეტასა ან მთლიანად ბრალზე უარის თქმის საკითხზე, გამოძიება ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

შემდეგი სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში 25 თებერვალს ჩატარდება. სასტიკი მკვლელობა ყანდაურაში, 2019 წლის 3 მაისს მოხდა.

მკვლელობის დღესვე, კახეთის სამახარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ, ზურაბ ბერიკაშვილმა, დანაშაული გახსნილად გამოაცხადა და მედია- საშუალებებით განმარტა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ, ორი იარაღის გამოყენებით, მოკლა შვილი, რძალი და ორი მეზობელი, ხოლო საკუთარი მეუღლე, მძიმედ დაჭრა.

ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, დაჭრილი, ელზა გამყრელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button