Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება

22

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის,ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურებები.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას სამწუხარო მოვლენას უწოდებს.

“საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება – ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და ვითარების დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია”. -წერს ტვიტერზე მაიკლ კარპენტერი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ამბობს, რომ შოკირებულია ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენებით.

“ძალადობა და ქაოსი არის უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე დაჟინებით მოვუწოდებ ორივე მხარეს, იმოქმედოს თავშეკავებით, დღეს და მომდევნო დღეებში”. – წერს მარკ კლეიტონი.

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს მსოფლიო საზოგადოების რეაგირება უნდა მოჰყვეს.

“როგორც ჩანს მართალი ვიყავი, დანარჩენებიც ლიეტუვაში. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მინდოდა შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება. ნაციონალური მოძაობის ოფისში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, ისე როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა ოპოზიციამ განაცხადა, რომ მას მთავრობასთან დიალოგი სურდა, მაგრამ ივანიშვილის რჩეულები გაიქცნენ, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. გუშინ მთელ მსოფლიოს ვესაუბრე. მსოფლიო საზოაგდოებას რეაგირება უნდა მოახდინოს”, – წერს პავილიონისი Facebook-ზე.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი