საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დიდი ნაწილი არ გამოცხადდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/bagi-1.jpg)
კახეთში დღეს გახსნილ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესს, ბავშვების ნახევარზე მეტი არ ესწრება.
” იგივე ვითარებაა, რაც ოქტომბერში, თითქმის სამი ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული და მხოლოდ 1100 გვესწრება. ჩვენ კი მზად ვართ, ტესტირებაც გავიარეთ, მაგრამ მშობლებს ასე უფრო სწორად მიაჩნიათ ალბათ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში, სულ 32 საბავშვო ბაღია.
რეგისტრირებული აღსაზრდელების ნახევარზე ნაკლები გამოცხადდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებშიც.
ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ზოგიერთ საბავშვო ბაღში 10 ბავშვიც არ გამოცხადდა.
” ნახევარიც არ გამოცხადდა ჩვენთან. 2 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს და მხოლოდ ექვსასი მოვიდა დღეს. მაგალითად, სოფელ ახაშენში, 8 ბავშვი მოიყვანეს, რადგან კორონა ვირუსია ძალიან გავრცელებული სოფელში. ტესტები ჩავიტარეთ, ამ ეტაპზე, ყველა ჯანმრთელია. თუმცა, ზოგადად, ბაღის ასაკის ბავშვების ნაკადის მართვა, დიდ ძალიახმევას ითხოვს”- განაცხადა თევდორაშვილმა.
პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოირდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში დღეიდან, 1 მარტიდან განახლდა.
საბავშვო ბაღების პერსონალი, კი ყოველ ორ კვირაში სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება.