Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდეს

107

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდეს. ამის შესახებ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა, თანამდებობა უნდა დატოვოს, მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა კი, მოვალეობის შესრულება განაგრძონ.

პარალელურად, ბაგრამიანის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფაშინიანის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა უკვე გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა ამ განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საპასუხოდ ფაშინიანმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და გენშტაბის მეთაურის გადაყენება ხელმეორედ მოითხოვა, ხოლო სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი