Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მოსამართლის შვილის გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

3 447

გურჯაანის რაინული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნუნუ ნემსიწვერიძის ვაჟის გარდაცვალების ფაქტზე, დამნაშავედ 21 წლის შმაგი რამაზაშვილი სცნო.

რამაზაშვილი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის მოიხდის, რაც ნასვამ მდგომარეობაში, მსხვერპლით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

მსჯავრდებულის ადვოკატი, ლიკა ბითაძე თვლის, რომ სასჯელი სამართლიანი არ არის და მოსამართლე, სასამართლოში საკუთარ გავლენებს იყენებდა.

“განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამი არ ყოფილა და ამას ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. გარდაცვლილის დედა, მოსამართლეა და ეს იყო მორიგი ზეგავლენა მართლმსაჯულებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, იმ მოტივით, რომ თითქოს ბრალდებული გვიან გადაიყვანეს შესამოწმებლად. არადა, როგორც წესია, ნასვამობაზე ისე შემოწმდა.ეს იყო ძალიან სამწუხარო უბედური შემთხვევა და არც არავინ ცდილობდა სასჯელისთვის თავის არიდებას”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ბითაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 21 წლის ცოტნე ხარატიშვილის დედამ, ნუნუ ნემსიწვრიძემ სასამართლოს განაჩენის თაობაზე, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს, მცირე უკმაყოფილო რეპლიკით უპასუხა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 2020 წლის 3 ივნისს მოხდა, რომლის დროსაც, მაგისტრი მოსამართლის ვაჟი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიების ეტაპზე, ნუნუ ნემსიწვერიძე საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მოკლეს და შემდგომ ავტოსაგზაო შემთხვევის ინიცირება მოახდინეს.

მოსამართლე, არამხოლოდ შმაგი რამაზაშვილის, არამედ ავტომანქანაში მყოფი მეორე პირის, გიორგი ჩაღმაველის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითხოვდა.

საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, ბრალდების მხარემ, საქმეს კვალიფიკაცია არ შეუცვალა და საქმე სასამართლოში, ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მსხვერპლით დასრულებული, ავტოსაგზაო შემთხვევის კვალიფიკაციით გადააგზავნა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის სახელს, რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის საქმე, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

2007 წელს, კი მოსამართლე ნემსიწვერიძემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, თუმცა სავარაუდო გარდაცვლილი ცოცხალი აღმოჩნდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსჯავრდებული შმაგი რამაზაშვილის ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ მიმართავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი