დახარჯული 27 ათასი და უფუნქციო ამბულატორია გურჯაანში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/kachreti.jpg)
ამბულატორია, რომელსაც 27 ათასი ლარი დაახარჯეს დღემდე არ ფუნქციონირებს, სოფელს კი ექიმი არ ჰყავს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში, წელიწადნახევრის წინ რეაბილიტირებული ამბულატორია დღემდე დაკეტილია. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ამბულატორიას არც სამედიცინო პერსონალი ჰყავს და შესაბამისი აღჭურვილობაც არ აქვს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი ადასტურებს, რომ ამბულატორია მართლაც დაკეტილია.
” ამბულატორია ნამდვილად დაკეტილია. არ არის აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალი.ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი აქვს გამოცხადებული აღჭურვილობის შეძენაზე და გადაწყდება სოფელ კაჭრეთის სამი ექიმიდან, რომელიმეს ზემო კაჭრეთში გადაყვანის თაობაზეც”- განაცხადა ხანდამაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ სოფლის ამბულატორიებში სამედიცინო პერსონალის დანიშვნა, საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის პრეროგატივაა.
” სამედიცინო პერსონალის დანიშვნას საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახური არეგულირებს. ასე ვერ დაუკავშირდებით, ჩვენს მეილზე კითხვა უნდა გამოაგზავნოთ, ჩვენ გადავუგზავნით და შემდეგ გიპასუხებთ. რამდენი ხანი დასჭირდება პასუხს ვერ გეტყვით”- განაცხადეს სამინისტროში.
ზემო კაჭრეთის ამბულატორიის რეაბილიტაცია, 2019 წელს განხორცილდა და ” სოფლის მხადაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებზე, 27 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამბულატორია, სოფელ ზემო კაჭრეთში მცხოვრებ 2 ათას ოჯახს უნდა მოემსახუროს.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი