Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სატელეფონო ჩანაწრები გაავრცელდა, სადაც სავარაუდოდ ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული სატელეფონო საუბარი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, ფაბრიკაციაა.

329

ტელეკომპანია პირველის მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქ-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” გავიდა.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც.

გავრცელებული ჩანაწერით ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და უყვება, რომ ჩუბინიძის რაზმმა სკოლის მოსწავლე ისე შეაშინა, რომ კომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს.

ბერა ივანიშვილი ამბობს იმასაც,რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული სატელეფონო საუბარი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, ფაბრიკაციაა.

ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

“პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის – ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია.

ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი.

ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი.

ეს ფაბრიკაცია ეუთო/ოდირის დასკვნის გადასაფარად იყო, ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება. დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური და არჩევნები შეაფასა საკმაოდ დადებითად,”-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უფრო ადრე, ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, “მიხეილ სააკაშვილის შავი არქივი” უწოდა.

“მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.
დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს” – წერს სუბარი ფეისბუკზე.
ანონსს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

„წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების, თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის, თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.-წერს სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარიას თქმით ,შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით , ეს მხოლოდ ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს,

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ,”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ,  ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით, რომლებსაც აწერია: “BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს”.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი