კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო

6 მარტს, “ტვ პირველის” ეთერში გასულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა, არასამთავრობო სექტორი პრემიერისგან ამ დრომდე განმარტებებს ელის, მმართველი პარტია კი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ამბობს, რომ ჩანაწერები მათი გაკეთებულია იმ დროს, როცა ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა.

შეგახსენებთ, “TV პირველის”, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში”, გავიდა სატელეფონო ჩანაწერები,სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button