მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბერა ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ბერა ივანიშვილმა განმარტება ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა. მომღერლის მტკიცებით ,გამოქვეყნებული ჩანაწერი 2011 წლის მოვლენებს ეხებოდა.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, რაღაც პორნოგრაფიული ჩანაწერები, სურათები, რომ იქ წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რომ მე ამას ვერც კი გავიმეორებ. რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, იქ ესწრებიან ამ საუბარს მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, – თქვა ბერა ივანიშვილმა.

ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე “კამათს არ დაიწყებს”, რადგან ამას “მნიშვნელობა არ აქვს”.

“მოდით, მე არც კი დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს, თუ არა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ,”TV პირველის” პირველმა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button