კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პირველი კონსტიტუციური წარდგინება კახეთიდან გახმაურებული მკვლელობის შემდეგ—რას ითხოვს მოსამართლე

კახეთში, 2019 წლის 30 ნოემბერს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვის დროს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართა.

საქმე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში, 81 წლის ფირუზ გოგინაშვილის სანადირო თოფით მკვლელობის ფაქტს ეხება. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა სიძემ, ოჯახური ძალადობისათვის წარსულში ნასამართლევმა, არჩილ ჯანგულაშვილმა ჩაიდინა.

ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნის თანახმად, ჯანგულაშვილს ამჟამად ფსიქიკური აშლილობის რთული ფორმა აქვს და საქმის სასამართლო განხილვაში ვეღარ მონაწილეობს. ამავდროულად, ექსპერტიზა ადგენს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში, აშლილობის ეს ფორმა, სასჯელის მოხდას ხელს შეუშლის.

თელავის რაიონული სასმართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, წარდგინებაში მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, სახეზეა მკვლელობაში ბრალდებული პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მეორეს მხრივ კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებები, რომლებიც ამ უფლების რეალიზაციას ვერ უზრუნველყოფენ.

” სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191- ე მუხლის მესამე ნაწილი, ” თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის საკურნალო დაწესებულებაში, მის გამოჯანმრთელებამდე” და სისხლის სამართლის კოდექსის 34- ე მუხლის მესამე ნაწილი” თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა , მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, პირი სასმართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში” შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 31 – ე მუხლის უმთავრეს დებულებებთან, რომლებიც ცალსახად განსაზღვრავენ ბრალდებულის უფლებას უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რაც პროცესში მისგან გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს,” – ნათქვამია წარდგინებაში.

არჩილ ჯანგულაშვილის ადვოკატი, არჩილ ტუხაშვილი, მოსამართლის კონსტიტუციურ წარდგინებას სრულად ეთანხმება. ადვოკატი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებული ნორმების შეუსაბამობა უნდა დაადგინოს.

” ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოსმართლემ საკონსტიტუციო წარდგინება დაწერა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ოჯახური ძალადობისათვის სასჯელი მოიხადა. ამის შემდეგ, მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა მუქარის მუხლით. წინასასამართლო სხდომაზე, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია. მსაჯულების შერჩევის ეტაპზე, ის გირაოთი განთავისუფლდა, თუმცა პროკუტატურამ მას ბრალი სიმამრის განზრახ მკვლელობისათვის წაუყენა და მეორე დღესვე შეაბრუნა ციხეში. ახლა ის ავად არის და ვერ მონაწილეობს სასამართლო სხდომებში. ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, თუ ადამიანი შერაცხადი იყო, რა პირობებში გყავდა გამოძიების პროცესში, რომ ახლა ფსიქიკური აშლილობა აქვს? ველოდები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმების შეუსაბამობას დაადგენს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოჯანმრთელების შემდეგ, მის ყველა უფლებას გამოიყენებს “- ამბობს ტუხაშვილი.

მკვლელობისათვის ბრალდებული არჩილ ჯანგულაშვილი ამჟამად, ხონში, ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული და სამკურნალო კურსს გადის.

როდის განიხილავს წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია. განხილვის კონკრეტული თარიღს, ჯანგულაშვილის ადვოკატი უახლოეს მომავალში ელოდება.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button