მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო-ნათია თურნავა

ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო და კომპანია ახლა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის” უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“.

მინისტრის თქმითვე, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირსა და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას:

„მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ – რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის” კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“.

შეგახსენებთ, ნამოხვანთან რიონის მცველებს არ უშვებენ. აქცია ამ დროისათვის სოფელ გუმათთან მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული, შეყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button