კახეთში დიალეზზე მყოფ პირებს, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მხოლოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთებენ. ჰოსპიტალის მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ასეთი პირების ვაქცინაციისათვის დაწესებულებაში ყველაფერი მომზადებულია.
“დიალეზს ჩვენთან 60- მდე ადამიანი იკეთებს. მათი ვაქცინაციისათვის ყველაფერი მომზადებული გვაქვს. ჯერჯერობით, დაზუსტებული მონაცემი არ მაქვს, რამდენმა გამოთქვა სურვილი. ამ ადამიანებს ყურადღება სჭირდებათ და ამისთვის ყველა პირობა გვაქვს”- განაცხადა ჭონიაშვილმა.
დიალეზზე მყოფი პირების ნაწილს ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ერთ- ერთი ასეთი პაციენტი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ექიმებთან კონსულტაციასაც გაივლის.
” ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. დღეს, საღამოს მიწევს დიალეზის პროცედურა. ექიმებთანაც გავივლი კონსულტაციას. თავის დაცვას მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ ბუნებრივია, რისკის ჯგუფში ვარ”- განაცხადა დიალეზზე მყოფმა პირმა.
კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ სამ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
დღეიდან, ვაქცინაციაში ჩართვა, 55 წლის ასაკს გადაცილებულ, დიალეზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებსაც შეუძლიათ.