შესაძლებელია შეზღუდვების შემოღებაზე დაიწყოს მსჯელობა-თამარ გაბუნია
თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“თუკი სურათი გაუარესდა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოგვიხდეს, დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რასაც აქამდე ვიყენებდით. 2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას.
ბოლო 2 კვირის მაჩვენებელი გვაქვს 1.94%, ანუ უახლოვდება 2%-ს, როცა ამას გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით – ეს საგანგაშო მაჩვენებელია – მოგვიწევს, ვიფიქროთ უფრო აქტიურ ღონისძიებებზე”. – აცხადებს გაბუნია. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზეც დაიწყოს მსჯელობა, საუბარია მგზავრობის შეზღუდვაზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის დროს ბაღები და სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება.
“ბაღებსა და სკოლებში ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე”, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
მოისმინეთ, თამარ გაბუნიას კომენტარი