Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალებაზე სუსი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს) რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა მდინარე ენგურის გადაცურვისას, ოკუპირებული გალის რაიონის სამი მცხოვრების დაღუპვის გამო.

სუს-ის ინფორმაციით, „საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა“.

სუს-ის თანახმად, „აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა

„ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“.-ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი