Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად იკრიბება

ზაალ უდუმაშვილი
56

ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგნლები აქციას გამართავენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უკვე იკრიბებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

“ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა გამოცხადდეს, ეს იქნება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება, თუ მისი გათავისუფლება, ეს ბუნებრივია არ იქნება ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ის უბრალოდ გაახმოვანებს იმას, რაზეც სავარაუდოდ უკვე დაურეკეს მას. ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან, იმ ოთახში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ნიკა მელია დარჩება, თუ არა პატიმრობაში”,- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიციაც.

შეგახსენებთ,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე.

“წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.

მოისმინეთ,ზაალ უდუმაშვილის კომენტარი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი