Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავში ექიმის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

46

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო.

სხდომის დასაწყისში სახელმწიფო ბრალდებამ, სასამართლოს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურის წარდგენილ მტკიცებულებებს დაცვის მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოსთხოვა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფო ბრალდების მხოლოდ ერთი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის გირაოთი გათავისუფლების თაობაზეც.

ამის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატებმა საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემა მოითხოვეს, რასაც დისტანციურ რეჟიმში მყოფი ბრალდებული დაეთანხმა.

ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში 15 აპრილს, 15 საათზე გაიმართება.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი, 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოში მოკლეს.
გამოძიების მტკიცებით, საჩიშვილი თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანაქანაში, სამსახურებრივი იარაღით, რამდენიმე გასროლით მოკლა. მსუბუქად დაიჭრა ავტომობილში მყოფი, კიდევ ერთი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 117- ე მუხლებით დაიწყო, თუმცა გამოძიების პროცესში პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლის პირველი ნაწილით გაგრძელდა. 109- ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 11 – დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი