მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს 3 000-3 000 ლარი გირაო შეეფარდათ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/eqtnani.jpg)
ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო 3000-3000 ლარი შეუფარდა.
ბრალდების მხარე 5000-5000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.
სასამართლო სხდომა დისტანციურად წარიმართა. მოსამართლემ ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა, ხოლო წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩანიშნა.
საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გუშინ,7 აპრილს წაუყენა.
ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.