მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ რეგიონებშიც. სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, ირაკლი შიოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კახეთის გუბერნატორმა, აპრილის ტრაგედიას ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ერთ- ერთი ყველაზე გმირული ფურცელი უწოდა.

,,უკვე 32 წელი გავიდა და ის ტკივილი ისეთივე ძლიერია, როგორც მაშინ. თუმცა ეს არის ყველაზე გმირული ფურცელი უახლეს ისტორიაში და მარწმუნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მალე დასრულდება. ეს თავგანწირვა უკვალოდ ვერ ჩაივლის და რუსეთისგან ოკუპირებული 20%, კვლავ საქართველოს ერთიანი სხეულის ნაწილი იქნება”- განაცხადა შიოშვილმა.

9 აპრილის მემორიალთან, ადგილობრივებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ტრაგედიის გასახსენებლად იქ სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ.

მემორიალის გვერდით მდებარე, ღვთისმშობლის ეკლესიაში, 9 აპრილს გარდაცვლილთა მოსახსენებელი პანაშვიდიც ჩატარდა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაცია ტანკების, ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის საშუალებით დაარბიეს.

ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის ორი, მამუკა ნოზაძე და შალვა ქვასროლიაშვილი, კახეთიდან იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button