მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტები დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სოფელ გუმათში 6 პირი დააკავეს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. ამ ადგილზე ნამახვანჰესის მოწინააღდმეგე აქტივისტები გადაადგილების უფლების მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ.

“ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელ ამ ამბავს, რაც აქ ხდება”, – აცხადებს აქციის მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილეები ჯერჯერობით რიონის ხეობაში რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button