Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავში მოკლული ექიმის საქმე-სასამართლო ნაფიც მსაჯულებს შეარჩევს

82

დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პირველი სხდომა შედგება.

გარდაცვლილი ზურაბ საჩიშვილის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, სხდომაზე საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების საკითხის დაყენებას გეგმავს.

” იმ შემთხვევაში, თუ აცილების შუამდგომლობა თავად მოსამართლემ არ დააყენა, მაშინ სასამართლოს ამ შუამდგომლობით მივმართავთ ჩვენ, რადგან რომ მოკლულსა და მოსამართლეს წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც, მოსამართლის ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება”- განაცხადა კაკაბაძემ.

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმე ეხება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ამას მხარე საქმის განხილვის დროს დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, გამოძიების მტკიცებით, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოკლა.

წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა, საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემა მოითხოვეს, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამაძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი