Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეზე მოსამართლემ საქმე აიცილა

94

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის საქმეზე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საქმე აიცილა. აცილების საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ბრალდებულთან წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

” საქმის ობიექტური განხილვის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას, ამის მიუხედავად, საქმეს ვიცილებ. ამ ნაბიჯით ავირიდებთ კითხვის ნიშნებს, რაც შეიძლება შემდგომში გაჩნდეს”- განმარტა მოსამართლემ პროცესზე.

სახელმწიფო ბრალდებას, მოსამართლის აცილების შუამდგომლობით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს გარდაცვლილი დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის ადვოკატმა მიმართა.

ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, მოსამართლე და ბრალდებული მეზობლები არიან, რაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუშლიდა.

” მოსამართლე და ბრალდებული ზანდარაშვილი მეზობლები არიან, რაც ჩვენი აზრით, ეჭვქვეშ აყენებდა მოსამართლის ობიექტურობას. ამ გარემოების გამო, მივმართეთ პროკურატურას. მოსამართლემ აცილება დააკმაყოფილა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა და ყველა კითხვის ნიშანი გააქარწყლა”- განაცხადა კაკაბაძემ.

ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა მოსამართლის აცილებას მხარი არ დაუჭირეს და სასამართლო პროცესზე, პროკურატურა მიკერძოებაში დაადანაშაულეს.

დღევანდელ სხდომას, ბრალდებული ვანო ზანდარაშვილიც ესწრებოდა.

დღეს, მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პირველი სხდომა უნდა გამართულიყო. საქმის ნაფიც მსაჯულთა გადაცემა, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა, 7 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე მოითხოვეს.

შეგახსენებთ, გამოძიების მტკიცებით, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოკლა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამაძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი