მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესამე სექტორი ნამოხვანჰესის პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართავს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ხელისუფლებას და ინვესტორებს, ასევე, პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები

“ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით.

ჩვენ ვიზიარებთ პროტესტის მონაწილეების გულწრფელ მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. სამწუხაროდ, მოვლენათა მიმდინარეობა არ იძლევა ამ ზიანის აცილების იმედს.

ამიტომ: მოვუწოდებთ სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს, გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად. უნდა დაიწყოს ინფორმირებული და პრაგმატული დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, რათა შევწყვიტოთ მტრისთვის სასარგებლო ურთიერთდაპირისპირება და დავიწყოთ ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობა. ეს სავსებით შესაძლებელია შესაბამისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირობებში.
მივმართავთ მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით, ყველანაირად ხელი შეუწყონ მხარეების საგნობრივ დიალოგს.
მივმართავთ კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავიანთ შესაძლებლობის ფარგლებში, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის და შეფასებების საშუალებით, ხელი შეუწყონ მდგომარეობის განმუხტვას და მხარეებს შორის საგნობრივი დიალოგის ჩამოყალიბებას.

მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა.
ამისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:
უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;

ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.

მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.
განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას.

შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება,”-ნათქვამია განცხადებაში.

“ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება

მსგავსი პოსტები

Back to top button