ანალიტიკამნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ისტორიული შეთანხმების შემდეგ საქართველოში შარლ მიშელს ელოდებიან

4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს.

ცერემონია პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში შედგა.

ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერას და შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, ასევე ვირტუალურად ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ მიმართა შეკრებილებს და თქვა, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვა.

“მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვალ რათა შევხვდე ყველა თქვენგანს და თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ გადავდგამთ ერთად უფრო მეტ ნაბიჯს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის”.

მოგვიანებით კი მან ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა:

“საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს არსებული პილიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტზე ხელმოწერას. თქვენ პირველ ადგილას ხალხი დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ყველა პარტიას!”

ვინ აწერს ხელს დოკუმენტზე?

  • “ქართული ოცნება”
  • დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. თავად პარტია ხელს არ აწერს შეთანხმების ტექსტს.
  • დავით ბაქრაძემ.
  • “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძემ
  • “ლელო”
  • “რესპუბლიკური პარტია”
  • პარტია “მოქალაქეები”
  • “გირჩი”
  • “გირჩი – მეტი თავისუფლება”

დოკუმენტს ხელს ჯერ-ჯერობით არ აწერენ “ნაციონალური მოძრაობა”,  “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”.

ხელმოწერის დროს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ მისთვის ეს დღე “ემოციურია”, რადგან ის ხანგრძლივი პროცესის შედეგია.

“დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც „გზა საქართველოსთვის“ ჰქვია, ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

“ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში. “აშშ-ის სახელით მე მინდა, თქვენ მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, აშშ მზადაა, საქართველოს ამ შეთანხმების მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

“ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს განვითარებისთვის. მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვრჩებით ერთგული, რომ დავეხმაროთ საქართველოს, რათა ამ შეთანხმების მიზანს მიაღწიოს”, – წერს პრაისი.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ნახეთ დეტალურად რა წერია შეთანხმების ახალ დოკუმენტში

მსგავსი პოსტები

Back to top button