მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი ხდება

თელავში მუნიციპალური ავტობუსები ფასიანი გახდება – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის ინფორმაციით, მაისის თვის ბოლოდან მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური, 40- დან 50 თეთრამდე იქნება.

” ამჟამად მიმდინარეობს გაჩერების ადგილების მოწყობა. 30 უკვე დასრულებულია, კიდევ 37 უნდა მოწესრიგდეს. პროცესის დასრულებისთანავე, სატესტო რეჟიმი დამთავრდება და მგზავრობა ფასიანი იქნება. მაისის ბოლოსათვის, საკითხი იქნება გადაწყვეტილი. ვფიქრობთ, მგზავრობის საფასური მინიმალურია”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

თელაველების ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიისა და სამუშაო ადგილების მასობრივად დაკარგვის პირობებში, ტრანსპორტით მგზავრობის საფასური,ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

” ვინც გარეუბნებიდან მოძრაობს და ორ- სამ კარტოფილსა და სტაფილოს ყიდულობს, მათთვის თუნდაც მინიმალური საფასური ბევრია. რატომ არ შეიძლება, პანდემიის პირობებში, ავტობუსები ბიუჯეტმა შეინახოს”- განაცხადა, თელავში მცხოვრებმა, ნინო ილაშვილმა.

ხუთი ავტობუსი თელავის სხვადასხვა ქუჩის მიმართულებით, 8 თებერვლიდან მონიშნული გაჩერებებისა და მოსაცდელების გარეშე მუშაობს.

მუნიციპალური ტრანსპორტის მართვისათვის თელავის მერიაში, რიგით მე-17- აიპი შეიქმნა. არამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის შესანახად, ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი გამოიყო.

თელავისა და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქისთვის, ავტობუსები მუნიციპალური განვითარების ფონდმა იყიდა. პროგრამა ორწლიანია და ჯამში, 175 ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი.

პროექტის ღირებულება 17 მილიონი ევროა. ავტობუსების ღირებულების დიდი ნაწილი, თავად მუნიციპალიტეტებმა, ეტაპობრივად უნდა დაფარონ.

თელავში ავტობუსები, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიყვანეს.2021 წლის ბოლომდე, ქალაქს კიდევ 35 ავტობუსი გადაეცემა, რომელიც თელავის გარდა, 22 სათემო ცენტრს მოემსახურება.

მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში 2010 წლიდან აღარ მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button