მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებულები უყურადღებობაზე ჩივიან

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერიაში შექმნილი ზარალის დამდგენი კომისიის შედეგებს ელოდება. სეტყვით დაზიანებული სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთების მფლობელები, რომლებიც სახელმწიფო აგროდაზღვევით არ სარგებლობენ, ამბობენ, რომ დათვლის შედეგები მათთვის, ჯერჯერობით არავის უცნობებია.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სეტყვით დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთებაც.

” ჯერ არ ვიცით რა დაითვალეს, რა ხდება და რა სახის დახმარებას აპირებენ. არც სახლები დაუწყიათ და საერთოდაც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”- განაცხადა ერთ- ერთმა დაზარალებულმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

” მუშაობა არ შეჩერებულა, ყველასთან მივდივართ და ვინ რა ზიანი მიიღო, ვადგენთ. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების საბოლოო დაზუსტებაც უნდა მოხდეს . ჩვენ გვაქვს რესურსი იმისათვის, რომ საცხოვრებელი სახლებისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დავეხმაროთ ადგილობრივებს. აგრო მიმართულებით ზარალის ანაზღაურებისათვის თანხები არ გაგვაჩნია, ამიტომ სოფლის მეურნეობაში დადგენილ ზიანს, ცენტრალურ ხელისუფლებას გადავუგზავნით”- აცხადებს მდივნიშვილი

სეტყვით მიყენებული ზიანის დათვლა უკვე დაიწყო სახელმწიფო აგროდაზღვევაში ჩართული პირებისათვის.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში ოთხი მუნიციპალიტეტიდან, სულ 519 შეტყობინება შევიდა.

,,სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, სადაზღვევო კომპანიებში შეტყობინებები ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან შევიდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებული ფართობის რაოდენობა 727 ჰექტარს შეადგენს. ზარალის დათვლა უკვე დაიწყო და უმოკლეს ვადაში დასრულდება”- განაცხადეს სააგენტოში.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებში, ბენეფიციარი დაზღვევის 30%-ს იხდის, დანარჩენს სახელმწიფო ფარავს.

შეგახსენებთ, 29- 30 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში, ოთხი მუნიციპალიტეტის ათობით სოფელი დააზარალა.

სტიქიამ გაანადგურა სასოფლო -სამეურნეო სავარგულები, ერთწლოვანი კულტურები, ვენახები და სათბურები.
თითქმის 150 საცხოვრებელი სახლი, სახურავის გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button