პოლიტიკურმა მხარეებმა საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყეს

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასაც ითვალისწინებს, ასევე, ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.
პოლიტიკური მხარეების განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა შარლ მიშელის დოკუმენტიდან მომდინარეობს. განხილვაშიც სწორედ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ უნდა განხორციელდეს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, 2%-მდე დაიწიოს საარჩევნო ბარიერი.
“სისტემა, რომლითაც 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეთანხმებას. ნამდვილად არ ველოდები, რომ რამეს მიიღებს, ჩვენ კარგად ვიცით ქართული ოცნების მიზნები და ბუნება ამ 8 წლის განმავლობაში. ვიცით, რომ ზეწოლის, მიწოლის და მუშაობის გარეშე არაფერს შეცვლიან, ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას”. – თქვა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში მიმდინარეობს და ის 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.