თელავივის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები გრძელდება
რადიკალური დაჯგუფება ჰამასის სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერი ლიკვიდირებულია ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათი ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია ჰამასის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელავივის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ამბობს, რომ ისლამისტური დაჯგუფება ჰამასსა და პალესტინელი ჯიჰადისტებს ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმა “ძვირად დაუჯდებათ”.
ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოსახლეობას, გაითვალისწინონ უსაფრთხოების ყველა ზომა და მითითება, რომელსაც სახელმწიფო უწყებები გასცემენ.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა – 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.