სპორტი
ემერიკ ლაპორტი ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

„მანჩესტერ-სიტის“ ფრანგი ფეხბურთელი ემერიკ ლაპორტი ევროპის ჩემპონატზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს.
ესპანური პრესის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ოფიციალურად მიმართა ესპანეთის მთავრობას,- შეისწავლოს 26 წლის მცველის ნატურალიზების შესაძლებლობა.
ემერიკ ლაპორტი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში დაიბადა, თუმცა აქვს ბასკური ფესვებიც.
პროფესიული კარიერა მან „ბილბაოში“ დაიწყო. 2018 წელს კი „მანჩესტერ-სიტიში“ გადავიდა.
ლაპორტს ნათამაშები აქვს საფრანგეთის ახალგაზრდულ და იუნიორთა ნაკრებებში, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში მის თამაშს, ფეხბურთელის თქმით, მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ყოველთვის ბლოკავდა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტის” მაისურით 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.