ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა

დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. მინისტრმა მომხდარს სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისჯება.
„ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, გუშინვე დავიწყეთ გამოძიება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები ახლაც მიმდინარეობს, დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყვნენ შემოყვანილი, თუმცა სამწუხაროდ არ იყო ეს ძალები საკმარისი. რაც იყო, 150, 200 კაცი იყო რეალურად თუ არის მშვიდობიან დროს, გაათმაგებული იყო. ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, არის ქვეყნის მტრობა” – აცხადებს ვახტანგ გომელაური.
დმანისში მეორე დღეა დაპირისპირება გრძელდება. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება.
მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანეს. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დმანისის მერის განცხადებით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.