ყვარლის მერს როსტომ სესიაშვილს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, უწყების ერთ-ერთი სამსახურის პოლიტიკური ნიშნით გაუქმებაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, აკაკი კეკენაძე მიიჩნევს, რომ როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს, სამსახურის ლიკვიდაციის მოთხოვნით, მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმართა.
” 14 წელია ვმუშაობ, საჯარო სამსახურში, აქედან 9 წელი, ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. არცერთი დისციპლინური სახდელი არ მაქვს. ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიშნით მიღებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როსტომ სესიაშვილმა დაიწყო, საჯარო მოხელეების დევნა. ჯერ ჩემი მეუღლე გაამთავისუფლეს, რამდენიმე თვის წინ, ახლა -მე. ერთადერთი მიზეზი არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც თანხვედრაში არ მოდის მის პოზიციასთან”-განაცხადა კეკენაძემ.
პოლიტიკური ნიშნით მიღებულად თვლიან განყოფილების ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც.
საკრებულოს წევრი, ლეიბორისტული პარტიიდან, თინა ჩიხიაშვილი , მერის მოქმედებას, პოლიტიკურ დევნად აფასებს.
” როგორც იქნა შემოვიდა საკრებულოს სხდომაზეყვარვარლის მერი, რომელიც მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არასოდეს მოსულა. გვითხრა, რომ გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არავისი აზრი არ აინტერესებს. საკრებულოს წევრებმა ” ქართული ოცნებიდან,” სამარცხვინო გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.ადამიანი სამი შვილის მამაა, საუკეთესო მოხელეა. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რომელიც კარგა ხანია, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს”- განაცხადა ჩიხიაშვილმა.
განთავისუფლებული თანამშრომლის და ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, არ იზიარებს.
როსტომ სესიაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მისი ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან.
” პოლიტიკური ნიშანი არავითარ შუაში არ არის. ეს ადამიანი დიდი ხანია მუშაობს საჯარო სამსახურში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაწინაურდა კიდეც. როგორც მენეჯერი, ვთვლი, რომ ეს სამსახური არ იყო ეფექტური. ოპონენტებს სურთ, ამ გადაწყვეტილებას შეიძინონ პოლიტიკური ელფერი, გამოიყენონ ის სპეკულაციისათვის და ხელი შეუშალონ საჯარო მოხელე შემდგომი გადაწყვეტილების მიღებაში. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ელოდებიან, რომ მან კანონის ფარგლებში შეთავაზება მიიღოს? პროცესი დაიწყო ახლა და ერთი თვის განმავლობაში, ბატონი კეკენაძე მიიღებს სათანადო შეთავაზებას. თუ მისთვის შეთავაზება მიუღებელი იქნება, გადავა რეზერვში და პირველივე შესაძლებლობისას დაკმაყოფილდება. საჯარო სამსახურის შესახებ, კანონის თანახმად, მოხელის დაცვის უამრავი ბერკეტი არსებობს და ჩვენი კანონმდებლობა, ამ მხრივ, ძალიან მოწესრიგებულია”-განაცხადა სესიაშვილმა.
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება, ყვარლის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 21 მაისს მიიღეს.