Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მეუღლის პერანგისგან შეკერილი ქართული დროშა და ხელით დაწერილი გაზეთი-როგორი იყო თავისუფლებისკენ მიმავალი გზა თელაველებისთვის

134

დამოუკიდებლობის აღსანიშნავ პირველ დღესასწაულზე, 1991 წლის 26 მაისს, თელავში, 11 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თავისუფლებისაკენ მიმავალი, ბრძოლითა და წინააღმდეგობებით სავსე გზას, თელავში მებრძოლი ახალგაზრდების პირველი ჯგუფის ყველაზე აქტიური წევრი, პროფესიით ფიზიკა- მათემატიკოსი, ლალი ქავთარაძე იხსნებს.

ლალი ქავთარაძე

მაშინ ძალიან ახალგაზრდა, 27 წლის ვიყავი. ლადო აღნიაშვილის გუნდის წევრის, ანტონ ყაზახაშვილის აივნებიანი, წარსულით დამძიმებული სახლი, თითქოს მემკვიდრეობით გვერგო. პირველ სართულზე, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა მუშაობდა, სადაც 1988 წლის ბოლოს, სადისკუსიო საკრებულო იკრიბებოდა. სულ რაღაც 20 ახალგაზრდა ვიყავით. დისკუსიის თემა, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა და საქართველოს დამოუკიდებლობა იყო”– ყვება ლალი რადიო ჰერეთთან.

ქავთარაძე იხსენებს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ახალგაზრდებს უთვალთვალებდა, სდევნიდა, მათი ოჯახის წევრებს, პოლიციაში დაატარებდა, მაგრამ ვერც ერთის დაშინება მოახერხა.

“ყველას გვითვალთვალებდნენ, ჩემი ახლობლები, რომლებიც იმჟამინდელ რაიკომსა და მილიციაში მუშაობდნენ, მუდმივად მედავებოდნენ. სამშობლო არ გიყვარდესო, ვის უნდა ეთქვა, ჩემი შემშინებელი არავინ იყო დედამიწაზე. ჩემი სახლის ფანჯრები, პირდაპირ, რაიკომის იმჟამინდელი მდივნის სამსახურს უყურებდა. მეუღლის პერანგი დავჭერი, სამფეროვანი ქართული დროშა შევკერე და პროტესტის ნიშნად, ფანჯრიდან გადმოვკიდე. მინდოდა, ყოველდღიურად ეყურებინა და დარწმუნებულიყო, რომ ვერ დაგვაშინებდა.”

საბჭოთა ხელისუფლებამ, 1988 წლის ნოემბერში, თბილისში გამართული მიტინგების მხადასაჭერად მიმავალი, თელავის რკინიგზის სადგურზე შეკრებილი, ასობით ახალგაზრდისათვის ხელის შეშლაც სცადა. ლალი იხსენებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდობა, თბილისში ფეხით ჩავიდა.

” უამრავი ადამიანი შეიკრიბა თელავში, რკინიგზის სადგურზე. ის იყო, ხალხით სავსე მატარებელი უნდა დაძრულიყო, რომ გავიგეთ, რაიკომის მდივნის დავალებით, წასვლა ჩაიშალა. მახსოვს, მატარებლის ფანჯრიდან თავგამოყოფილმა, ახალგაზრდა მსახიობმა, ვანო იანტბელიძემ, სიმღერა “ჩონგური საქართველოა” წამოიწყო. მთელი სადგური გუგუნებდა. ასე გადაწყდა და თბილისში ფეხით ჩავედით”.

ლალი ქავთარაძე ყვება, რომ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ახალგაზრდებმა, თელავში პირველი გაზეთის გამოცემაც გადაწყვიტეს და მისი ნაწილი, ხელით დაწერეს.

პირველი გაზეთი, მარტის თვეში გამოვუშვით.ჯვარი პატიოსანი ერქვა. სად გვქონდა სტამბა, გაზეთის სახელი, სტატიების სათაურები, ხელით იყო გამოყვანილი და ჩვენი გამგეობის წევრს, მიშა ქისტაურს ეკუთვნოდა. სტატიები მე ავკრიფე, საბჭოთა დროინდელ საბეჭდ მანქანაზე. შემდეგ გაზეთს სახელი შევუცვალეთ და ბექთარი დავარქვით.”

გამოცემის საშუალებით, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების ჯგუფი, რაიონში გამოცემულ საბჭოთა გაზეთს ” ალაზნის განთიადს” უპირისპირდებოდა, ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებდა და დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას ახდენდა.

სტატიებში, ვწერდით საჭირბოროტო საკითხებზე, ვაკრიტიკებდით საბჭოთა მიდგომებს. მახსოვს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ლენინის დიდი ფოტო გამოაქვეყნეს და მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აღწერეს.არცერთი სიტყვით არ ახსენეს 9 აპრილს გარდაცვლი ახალგაზრდები. საბჭოთა ნირვანაში ჩარჩენილი საზოგადოების ნაწილისათვის, ჩვენ ძალიან მიუღებელი და საშიშები ვიყავით.”

დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალი, ამბობს, რომ მიუხედავად, ეროვნულ მოძრაობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ქვეყნის თავისუფლების იდეა, მაინც ყველასთვის ერთი იყო და ამისათვის ყველა თავგამოდებით იბრძოდა.

სხვადასხვა პარტიებში ყოფნის მიუხედავად, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე, 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ყველამ მხარი დავუჭირეთ. ამით, დავასრულეთ ბრძოლის ერთი ეტაპი და ახალი დავიწყეთ. დღევანდელი დღე, ჩემთვის ისევ ახალგაზრდული მღელვარების მომგვრელია, როცა გულით მჯეროდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა.”

ლალი ქავთარაძე, ახლა პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულია. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირველი, თელავური ჯგუფის წევრი თვლის, რომ მისი თაობის მიერ, ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, ახალმა თაობამ, ბრძოლითვე უნდა შეინარჩუნოს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი