სპორტი
თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2023 წლამდე დარჩება
კვიპროსული კლუბის ვებ-გვერდის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
მედიაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ,რომ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა და სხვა კლუბში გადაინაცვლებდა. მიუხედავად ამისა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველი სპეციალისტი გუნდში დარჩა.
ცნობილია, რომ ქეცბაიამ „ანორთოსისს“ ამ სეზონში ქვეყნის თასი 13 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. 13 წლის წინაც, 2008 წელს ეს ტიტული კლუბმა ქართველი სპეციალისტის თავკაცობით მოიპოვა.
კლუბის ქართველ ლეგიონერებს, გიორგი ქვილითაიას და თორნიკე ოქრიაშვილს ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ამოეწურათ და ამ დროისთვის ჯერ უცობია, თუ სად გააგრძელებენ კარიერას „ანორთოსისის“ აწ უკვე ყოფილი მოთამაშეები.