Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურჯაანში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

უკავშირდება თუ არა გურჯაანში მომხდარი დაჭრა, წარსულში მომხდარ მკვლელობას

79

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 34 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი,50 წლის მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით, გულ- მკერდის არეში დაჭრა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყში 26 აპრილს მოხდა.

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა დაჭრილმა, ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა და მეორე დღესვე, საავადმყოფო დატოვა. ფაქტს იმ დროისათვის, ჰოსპიტალის მმართველი, გელა ორველაშვილიც ადასტურებდა.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები, 2020 წლის 28 ივნისს ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, დავით ნადაშვილია.

30 წლის შოთა მაზმიშვილის მკვლელობისა და 28 წლის ანზორ მოსესოვის მკვლელობის მცდელობისთვის, ნადაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 19, 109- ე მუხლებით დაწყებული საქმის განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიების 9 თვიანი ვადის გასვლის გამო, ნადაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა და ამ ეტაპზე, ბრალდებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ორი სათადარიგო მსაჯულის შერჩევას, სახლში ელოდება.
სოფელში ვარაუდობენ, რომ ნადაშვილის დაჭრა, შესაძლოა, სწორედ ამ მკვლელობას და მასზე შურისძიებას უკავშირდება, თუმცა, გარდაცვლილი მაზმიშვილის ოჯახში, რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ნადაშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის განმარტებით, მსაჯულები ნადაშვილის უდანაშაულობაში, მტკიცებულებებით დარწმუნდებიან.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დიალიზზე მყოფი პირია. ფაქტია, უკვე მეორედ ესხმიან თავს. დაკავებულმა, უსიტყვოდ და უაპელაციოდ მიაყენა რამდენ ჭრილობა ისე, რომ ნადაშვილმა იდენტიფიცირებაც ვერ მოასწრო. ასე იყო მკვლელობის დროსაც, მას თავს დაესხნენ და იძულებული იყო თავი დაეცვა. განხილვის დროს, გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს, რაც მსაჯულებს დაარწმუნებს, რომ ის თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა”- განაცხადა ბეგიაშვილმა.

როდის შეიკრიბება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრული შემადგენლობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი