ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იბრძოლა და ორივემ წააგო.
90 კგ.წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობის მეორე წრეში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდა.
ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა ვაზარის აღებით დაიწყო. მერე, ეფექტური ილეთით ორთაბრძოლა მოიგო კიდეც, თუმცა გამეორებაზე აღმოჩნდა, რომ ღვინიაშვილმა გდება ფეხის ამოხვევით, აკრძალული ილეთით შეასრულა, რამაც მისი ტურნირიდან მოხსნა გამოიწვია.
70 კგ- მდე წონაში მარიამ ჭანტურიამ ქალთა ტურნირის პირველი ეტაპი მარტივად გადალახა. პირველი შეხვედრა იპონით დაასრულა, თუმცა მეორე წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერაიტს შეხვდა და დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 2 მედალი აქვს. ლაშა შავდათუაშვილის ოქრო და ტატო გრიგალაშვილის – ვერცხლი.
მეექვსე საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი: ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ.) და ილია სულამანიძე (100კგ.) გავლენ.